9 ნოემბერს გაიმართა თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი - დავით ასათიანი. როგორც ცნობილია, TURK-AV აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის კომიტეტების ფორმირება, დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ცენტრის შექმნა, ა.შ. სასიხარულო და საამაყოა, რომ დავით ასათიანის ინიციატივით, TURK-AV-ის აღმასრულებელი საბჭოს მომდევნო სხდომა თბილისში, მომავალი წლის იანვარში გაიმართება.
ერთხმად იქნა მხარდაჭერილი დავით ასათიანის მორიგი ინიციატივა ადვოკატთა საერთაშორისო ქსელის - “იპოვეთ ადვოკატი” (“Find a Lawyer”) შექმნის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ადვოკატები შეძლებენ საერთაშორისოდ ხელმისაწვდომ პორტალზე განათავსონ საკუთარი მონაცემები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TURK-AV-ის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ასათიანი თურქეთის გენერალურ პროკურორს, მეჰმეთ აქარჯასა და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტს, ისმაილ რუშთუ ჯირითს შეხვდა, სადაც მათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
დავით ასათიანმა პატივი მიაგო ათათურქის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მავზოლეუმი.
“ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ათათურქის ხსენების დღეების ფარგლებში მიღწეულ იქნა მასშტაბური ნოვატორული შეთანხმებები. მოხარული ვარ ქართველ ადვოკატებს ვაცნობო, რომ მათ უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა თავი დაიმკვიდრო საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ მეტი შესაძლებლობები საკუთარი პრაქტიკის განვრცობისა. ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი, კიდევ ერთი შესაძლებლობა კორპუსის თითოეული წევრისთვის.” - განაცხადა დავით ასათიანმა.